როგორ იკავებს თანდათანობით Zombie Economicus-ი Homo Economicus-ის ადგილს
- ეკონომიკა
- მარტი 21, 2023
- 671
ვლადიმერ პაპავა - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიკოსი
როგორც ცნობილია, ზომბი ეკონომიკას „იაპონური ფესვები“ აქვს, რადგან ის იაპონიაში 1990-იანი წლების ფინანსური კრიზისის დროს წარმოიშვა (Hoshi, 2006).
2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს ეკონომიკის ზომბირება აშშ-სა (Willie, 2008) და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, რითაც გლობალური მასშტაბი (Harman, 2009) შეიძინა. ზომბი ეკონომიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე ახალი ტერმინი – ზომბი ეკონომიკსიც კი შეიქმნა (LeLaulu, 2009).
ეკონომიკის ზომბირების პროცესი 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც გაგრძელდა (Krugman, 2020).
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის (Papava, 2020) დროს, ეკონომიკის ზომბირების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა (Zingales, 2021).
როგორც ცნობილია, ეკონომიკის გადახდისუუნარო ნაწილი, ე.ი. ზომბი კომპანიები, ზომბი ბანკებთან ერთად, არსებობას მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური გარანტიების, პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის (სუბსიდიების) და საბანკო სესხების დაბალი საპროცენტო განაკვეთების შედეგად განაგრძობენ (Schepens, Schnabel, Laeven, 2020).
ზომბი ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი გაჩენის ბიძგს, როგორც წესი, ფინანსური კრიზისი იძლევა, თუმცა მისი (ზომბი ეკონომიკის) არსებობისათვის რაიმე გადაულახავ ბარიერებს ეკონომიკის არც არაკრიზისული მდგომარეობა ქმნის (Papava, 2023).
იმის გასაგებად, თუ რატომ აგრძელებს ეკონომიკის გადახდისუუნარო ნაწილი არსებობას, საჭიროა ეკონომიკური ცვლილების ევოლუციური თეორია გამოვიყენოთ (Nelson, Winter, 1982). კერძოდ, საუბარია „რუტინაზე“, როგორც ამ თეორიის მთავარ ინსტრუმენტზე. რუტინა კი, როგორც ასეთი, არის კომპანიის ქცევის ყველა იმ წესისა და მეთოდის ერთობლიობა, რომელიც მისი საქმიანობის აღწარმოებას არეგულირებს.
ზომბი ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ძირითადი მიზეზი შემდეგში მდგომარეობს.
მთავრობის მიერ ზომბი ეკონომიკის ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად ეკონომიკის ამ ნაწილის გაკოტრების თავიდან აცილების მიზნითაა განპირობებული, რაც შესაძლოა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახოს და, რაც მთავარია, პოლიტიკურ არჩევნებზე იმ ამომრჩეველთა ხმების დაკარგვა გამოიწვიოს, რომლებიც სავარაუდოდ ამ გაკოტრების გამო უმუშევრად დარჩებიან. სწორედ ამის საფუძველზე ყალიბდება ის რუტინა, რაც ზომბი ეკონომიკის არსებობას განაპირობებს.
გადახდისუუნარო კომპანიებსა და მათთან ასოცირებულ ბანკებს სახელმწიფოს ინტერესებთან მიმავალი ამ „გაკვალული გზით“ თავიანთი არსებობის გახანგრძლივება უფრო ეადვილებათ, ვიდრე გადახდისუუნარობის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა.
სხვა სიტყვებით, ზომბი ეკონომიკის მხარდამჭერი რუტინა „კომპანიები–ბანკები–მთავრობა“ სამკუთხედში ყალიბდება, როცა მისი (ამ სამკუთხედის) თითოეული აქტორის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს.
რუტინა, ანუ ზომბი რუტინა, რომლითაც ზომბი ეკონომიკა ფუნქციონირებს, მისი (ზომბი კომპანიების, ზომბი ბანკების და, რა თქმა უნდა, ზომბი მთავრობის) modus vivendi-ა.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ვინ არის ზომბი რუტინის მატარებელი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გავიხსენოთ, რომ ეკონომიკური მეცნიერების თანახმად, სრულყოფილ კონკურენციაზე დაფუძნებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის რუტინის მატარებელი homo economicus-ია, რომელიც ეკონომიკური ადამიანის თეორიული მოდელია და, სხვა თანაბარ პირობებში, „წმინდა ეკონომიკსის სამშენებლო ბლოკს“ წარმოადგენს (Bee, Desmarais-Tremblay, 2023).
ვინაიდან ზომბი ეკონომიკა მკვდარი ეკონომიკაა, რომელიც ხელოვნურად არსებობს, ამიტომ ცოცხალი ადამიანი ზომბი რუტინის მატარებელი ვერ იქნება. ლოგიკურად გამოდის, რომ ზომბი რუტინის მატარებელი თავად ის ზომბია, რომელიც ზომბი ეკონომიკაში არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ზომბი – zombie economicus-ია (Papava, 2008).
ის, რაც zombie economicus-ს homo economicus-თან აერთიანებს ეს, უწინარეს ყოვლისა, არის ის, რომ ორივე ეკონომიკაში საქმიანობს. იმავდროულად მათ შორის განსხვავება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
ჯერ ერთი, homo economicus-ისგან განსხვავებით, zombie economicus-ის მიზანი მოგების მაქსიმიზაცია ან კომპანიის ღირებულების ზრდა სულაც არ არის მიზანი; zombie economicus-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ გადარჩენაა.
მეორეც, zombie economicus-ი ზომბი კომპანიებსა და ზომბი ბანკებში მუშაობს, და მისი ადგილი ფინანსურად „ჯანსაღ“ კომპანიებსა თუ ბანკებში ნამდვილად არ არის.
ამასთანავე, zombie economicus-ს, homo economicus-თან ერთად, როგორც წესი, მთავრობაში თანაარსებობა შეუძლია. კერძოდ, თუ რომელიმე ქვეყნის ეკონომიკაში ზომბი კომპანიები და ზომბი ბანკები არსებობენ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ქვეყნის მთავრობაში zombie economicus-ი უკვე საქმიანობს. უფრო მეტიც, თავად ზომბი კომპანიების არსებობა უკვე ადასტურებს იმას, რომ მთავრობის zombie economicus-ი იმავე მთავრობის homo economicus-თან შედარებით ფაქტობრივად ბევრად უფრო გავლენიანია.
გამორიცხული არ არის, რომ ზომბი „ვირუსი“ ზომბი კომპანიებიდან და ზომბი ბანკებიდან ფინანსურად „ჯანსაღ“ კომპანიებსა და ბანკებს გადაეცეს. ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობაში, რომელსაც homo economicus-ის გვერდით მასზე ბევრად უფრო გავლენიანი zombie economicus-ი ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანისეულ ფაქტორს ეკონომიკაში, პრინციპში მხოლოდ homo economicus-ის მოდელით და მისი სხვადასხვა უფრო სრულყოფილი მოდიფიკაციებით არ უნდა შემოიფარგლოს; გაცილებით მნიშვნელოვანია zombie economicus-ის ფენომენის შესწავლაზე ფოკუსირება. ასეთი კვლევის ძირითადი მიმართულებაა ის, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს zombie economicus-ის გავლენის სფერო, რათა ეს ფენომენი ერთხელ და სამუდამოდ იქნას თავიდან მოშოროებული.
გამოყენებული ლიტერატურა
Bee M., Desmarais-Tremblay M. (2023). “The Birth of Homo Œconomicus: The Methodological Debate on the Economic Agent from J. S. Mill to V. Pareto.” Journal of the History of Economic Thought, 45 (1): 1-26, <https://www.cambridge.org/core/services/aop-cambridge-core/content/view/0B1260BA2526657C3811A4773BDD4645/S1053837221000535a.pdf/the-birth-of-homo-oeconomicus-the-methodological-debate-on-the-economic-agent-from-j-s-mill-to-v-pareto.pdf>.
Harman C. (2009). Zombie Capitalism. Global Crisis and the Relevance of Marx. Chicago: Haymarket Books.
Hoshi T. (2006). “Economics of the Living Dead.” The Japanese Economic Review, 57 (1): 30-49, <https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1111/j.1468-5876.2006.00354.x>.
Krugman P. (2020). Arguing with Zombies: Economics, Politics, and the Fight for a Better Future. New York: W.W Norton & Company.
LeLaulu L. (2009). “Zombie Economics?” Devex, January 12, <https://www.devex.com/news/zombie-economics-58420>.
Nelson R. R., Winter, S. G. (1982). An Evolutionary Theory of Economic Change. Cambridge: The Belknap Press of Harvard University Press.
Papava V. (2008). “Is Zombie Economicus Coming?” Market Oracle, February 7, <http://www.marketoracle.co.uk/Article8736.html>.
Papava V. (2020). “Coronomic Crisis: When the Economy is a Hostage to Medicine.” Eurasia Review, March 29, <https://www.eurasiareview.com/29032020-coronomic-crisis-when-the-economy-is-a-hostage-to-medicine-oped/>.
Papava V. (2023). “Can High Inflation Wipe Out the Zombies in the Economy?” Eurasia Review, March 8, <https://www.eurasiareview.com/08032023-can-high-inflation-wipe-out-the-zombies-in-the-economy-analysis/>.
Schepens G., Schnabel I., Laeven L. (2020). “Zombification in Europe in Times of Pandemic.” Centre for Economic Policy Research, October 11, <https://cepr.org/voxeu/columns/zombification-europe-times-pandemic>.
Willie CB, J. (2008). “U.S. Economy Disintegrating as Government Supports Zombie Banks.” The Market Oracle, December 4, <http://www.marketoracle.co.uk/Article7619.html>.
Zingales L. (2021). “Attack of the COVID Zombies.” Project Syndicate, July 2, <https://www.project-syndicate.org/commentary/separating-healthy-firms-from-corporate-zombies-by-luigi-zingales-2021-07?utm_source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm_campaign=df914751a4-sunday_newsletter_07_04_2021&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-df914751a4-93567601&mc_cid=df914751a4&mc_eid=e9fb6cbcc0>.
სტატია თარგმნილია ინგლისურიდან. ორიგინალია:
Papava V. (2023). “How Zombie Economicus Is
Gradually Replacing Homo Economicus.” Eurasia Review, March 16, <https://www.eurasiareview.com/16032023-how-zombie-economics-is-gradually-replacing-homo-economics-oped/>.